მარნეულში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტის მშენებელმა კომპანიამ სახელფასო დავალიანების დაფარვის პირობა დადო, სამუშაოების დასრულების შესახებ კი გეგმა-გრაფიკს წარმოადგენს
20 აპრილი 2021
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია მარნეულში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
დაახლოებით ოთხი თვეა, ამ პროექტის ფარგლებში დასაქმებული მუშები სააქციო საზოგადოება „აკელიკ გრუპისაგან“ კუთვნილი ხელფასების ანაზღაურებას ითხოვენ. იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომელიც პროექტის დამკვეთია, სრულფასოვნად აქვს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა სახის საფინანსო ვალდებულება, ილია ბეგიაშვილმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს კატეგორიულად მოთხოვა დასაქმებულებისთვის შრომის ანაზღაურების გადახდა და სამუშაოების დასრულების ვადების შესახებ კონკრეტული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა.
„აკელიკ გრუპის“ მენეჯმენტმა პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში დაფარავენ სახელფასო დავალიანებებს, კვირის ბოლომდე კი წარმოადგენენ 12-თვიან გეგმა-გრაფიკს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პროექტის ბოლომდე მიყვანის ვადები და პირობები.
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მარტის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე ხარვეზებით მიმდინარეობს.
პროექტი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) დახლოებით 56 მლნ დოლარით აფინანსებს, მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში შენდება სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ამორტიზებული მილები კი ახლით ჩანაცვლდება, ეწყობა ახალი საკანალიზაციო კოლექტორი და შენდება წყალარინების სატუმბი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულის და მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მოსახლეობა, ჯამში 31 700-მდე ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.